საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა უცხოეთიდანაა მიღებული და შედეგად, მათ დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება.
ამ კანონპროექტის თანახმად, "უცხოური გავლენის აგენტის" გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების, ასევე დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა, რაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა რეალიზების ხელშეწყობაში.
აპარატის თქმით, გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ ასეთ გაერთიანებებს ანიჭებს უფლებას, მოიძიონ, მიიღონ და გამოიყენონ რესურსები (მათ შორის, მიიღონ დაფინანსება უცხოური წყაროებისგან) საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. და იმავდროულად, ხელისუფლებები ვალდებულნი არიან, შექმნან ხელშემწყობი გარემო, სადაც უფლებადამცველს დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნება.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, სხვადასხვა ევროპულმა ორგანომ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის სასამართლომ და ეუთომ რუსეთსა და უნგრეთში მიღებული ანალოგიური კანონები უარყოფითად შეაფასეს.
„გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციისა და უნგრეთის კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.
კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც, მათ შორის, შესაბამის ქვეყნებში „უცხოურ აგენტებად“ მათი გამოცხადებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს” - წერია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ორგანიზაციებისთვის "უცხოელი აგენტის" სტატუსის განსაზღვრა ქმნის მათ მიმართ უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს. ვენეციის კომისიის განმარტებით, კი ეს ტერმინი აბრუნებს "კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს."
განცხადების მიხედვით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, "უცხოური აგენტი" შეიძლება ასოცირებულ იქნას "უცხოელ ჯაშუშთან" და "მოღალატესთან", რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან. საყურადღებოა ისიც, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს აგრეთვე ორგანიზაციების აგენტებად რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე და ეს შესაძლებლობა კანონით არ უნდა იყოს დადგენილი."- აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.
სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
ომბუდსმენის ოფისის თქმით, კანონპროექტი, შესაძლოა, გაუმართლებელ ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებდეს თავად ორგანიზაციებს და წყვეტდეს მათ ძირითადი საქმიანობისგან და ასევე ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას "ნებისმიერი იმ ინდივიდის პერსონალური მონაცემების დამუშავების და გასაჯაროების შესაძლებლობის შექმნით, ვინც რაიმე სახის, მათ შორის, შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ამ ორგანიზაციებთან".
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი, ვერ აკმაყოფილებს "მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების" არსებობიდან გამომდინარე აუცილებლობის კრიტერიუმს და პრინციპს, რომლის მიხედვითაც შემზღუდველი საშუალებები და თანმდევი პროცედურები არ უნდა იყოს არათანაბარზომიერი.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქნება შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან” - წერია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".
მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.
მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.